ლეჩხუმი

გეოგრაფია

ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან — მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარის მარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი. მოქცეულია მდინარეების ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებში. ლეჩხუმი, მსგავსად რაჭისა, მთის კალთებზე და გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი.

კუთხის ცენტრიცაგერი
ქვეყანასაქართველო
რეგიონირაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი1
ფართობი722 კმ²

ისტორია

ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. უძველეს წყაროებში რეგიონს სარკინეთი ეწოდება. ლაზიკის სამეფოს ხანაში კი სკვიმნია. უცხოურ წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით (სწორედ ეგრისის სამეფოში შემავალი ცალკეული რეგიონის სახით). მისი ცენტრი ძველი დროიდან იყო ციხე-ქალაქი ცაგერი. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. სკვიმნების ძირრითადი საქმიანობა მემინდვრეობა იყო. მათ შორის ეს კუთხე ცნობილი იყო თავისი მეღვინეობით და მეტალურგიული ცენტრებით. X-XII საუკუნეებში არსებობდა თაკვერის საერისთავო. XIII-XIV საუკუნეში მოხდა თაკვერის ჩანაცვლება ლეჩხუმით. სიტყვა ლეჩხუმი პირველად XV საუკუნის ბოლოსაა ნახსენები. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაშიიმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. ლეჩხუმი ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეული იყო დასავლეთ საქართველოში. თუმცა აქ უამრავი ციხე-სიმაგრე არსებობდა და ომიანობისას იმერეთის მესვეურნი სწორედ მას აფარებდნენ თავს და აქ მაგრდებოდნენ მომძლავრებული მტრის წინაამღდეგ. ლეჩხუმის მმართველთა მთავარ ციხეებს ეწოდება მურის ციხეები. რიონის ხეობაში იმერეთიდან გამოსასვლელ გზას ეს ციხეები იცავდნენ. სამ კომპლექსად სიგრძეზე გაშლილი სიმაგრეთა სისტემის სახელები იყო- “დაუხვდი”, “ჰკა მაგას” და “არ გაუშვა”. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1680-იანი წლებიდან ლეჩხუმი დაემორჩილა სამეგრელოს სამთავროს. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანების დანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. ოდიშის ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში ეს პატარა მხარე საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა. მას შეეძლო საკმაოდ ბევრი სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ხოლო ოდიშის ხუთი ათასიან მხედრობაში ორი ათასი მუდამ ლეჩხუმის ლაშქარს წარმოადგენდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა.

დოკუმენტური ფილმი

იხილეთ ვრცლად: https://ka.wikipedia.org/wiki/ლეჩხუმი