რაჭა

გეოგრაფია

რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით – ქვემო სვანეთი, სამხრეთით – იმერეთი, აღმოსავლეთით – შიდა ქართლი, დასავლეთით – ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭის ტერიტორია შედის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. რაჭის ფართობი 2818 კმ2-ა

კუთხის ცენტრიონი
ქვეყანასაქართველო
რეგიონირაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი2
ფართობი2 893 კმ²

მთის რაჭა

მთის რაჭა მდებარეობს მდინარე რიონის სათავისა და გლოლის ან ჭანჭახის წყლის შორის. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და შოდა-კედელას ქედს შორის და თავისი საშუალო სიმაღლით 3800 მეტრს აღემატება ზღვის დონიდან. მთის რაჭა შემოზღუდულია მაღალი მთებით: ფასისმთა — 3786 მეტრი, გეზე — 3870 მეტრი, ლაბო და წითელი — 4317 მეტრი, წიხვარგა — 4137, ბურჯულა — 4356, შოდა — 3607 მეტრი და სხვა. აქ წლის განმავლობაში ცივი ამინდებია (წლის საშუალო ტემპერატურა 5°C-ია, ზამთარი კი ძლიერ ცივია და თოვლიან-ყინვებიანი. იანვრის ტემპერატურა -12°C-დან -18°C-დე, გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა ადრე. ზაფხული გრილია და მოკლე.

მთის რაჭა XV საუკუნემდე ეკუთვნოდა სვანეთს. ის შედგება სამი სოფლისაგან: ღები (1500 მეტრი), ჭიორა (1500 მეტრი) და გლოლა (1400 მეტრი). მთიან რაჭაში ბევრი კოშკი იდგა.

კუდარო

რაჭის შემადგენელი ნაწილი იყო კუდაროს ქვეყანა, რომელიც ჯეჯორის ხეობის ზემო წელში მდებარეობდა. ის პირველად სორის სახარების XIV საუკუნის მინაწერშია ნახსენები. გვიან ფეოდალურ ხანაში კუდაროში შედიოდა 20 სოფელი. XVIII საუკუნის დასაწყისში კუდაროდან რაჭველების გადასახლების შემდეგ იქ ოსები დასახლდნენ. კუდაროს სოფლების დასახელებები (ოიკონიმია) ქართულია.

ისტორია

შემთხვევითი ხასიათის აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი აქვთ მთის რაჭაში, აშკარად უჩვენებენ, რომ ღებში, ჭიორასა და გლოლაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, რამდენიმე საუკუნით ქრისტეს წინ. მხოლოდ მძივები და ერთის ბრინჯაოს სამაჯური ინახება საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში №18—26&1. შემდეგ, ფრიად საყურადღებოა აგრეთვე 1928 წელს სოფ. ღებში, ადგილ „შოშეთში“ აღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთა, რომელიც მიცვალებულს წელზე ჰქონია.

არქეოლოგიური თვალსაზრისით საყურადღებო, აგრეთვე, ჭიორის მიდამოში მდებარე ადგილი „შხროლი“, სადაც ჩნდება უფრო გვიანდელი დროის, ქრისტიანობის ხანის, სხვადასხვა ნივთები და სამკაულები. ერთი სიტყვით, ამ მცირეოდენი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით მაინც ირკვევა, რომ მთის რაჭა უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა, მაგრამ ამ მოსახლეობის ვინაობის გამორკვევა ჯერჯერობით მეტად ძნელია. მხოლოდ შემდეგში, როგორც ეს ისტორიული ცნობებიდან და გეოგრაფიული სახელების ნომენკლატურიდან ირკვევა, დღევანდელი მთის რაჭის ტერიტორიაზე სვანური მოსახლეობა გავრცელებულა და კავკასიონის მთელი ეს კუთხე XV საუკუნის პირველ ნახევარში სვანეთს ჰკუთვნებია.

რაჭული მოსახლეობა დამკვიდრებულა უმთავრესად სამ სოფელში: ღებში, ჭიორასა და გლოლაში, სადაც დღესაც ბინადრობენ. სვანური ყოფის დამასახიათებელი ძველი ნაშთები დღეს აქ უკვე მოსპობილია, დარჩენილია მხოლოდ ერთი სვანური, „მურყვამის“ ტიპის კოშკი სოფ. ღებში, რომელიც გამოყენებულია სამლოცველოდ და ეწოდება „დედა ღვთისა“. ამასთანავე, გამქრალია სვანური ადათ-ჩვეულებების და რწმენის ნაშთებიც. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ისტორიულ მოვლენათა ამ ფაქტისა, ჩვენ აქ არ ვხედავთ ორი ყოფის—სვანურისა და რაჭულის—გადაჯვარედინებას და არც მათ ასიმილაციას. რაჭველებს, დროისა და ადგილის მიუხედავად, დღემდე დაუცავთ წმინდა რაჭული კილო, ყოფა-ცხოვრება და რწმენა. კავკასიონის მთავარ ქედსა და შოდა-კედელას ქედს შუა მოქცეული მთიულეთის რაჭის ფეოდალების ხელში გადასვლიდან ღებში, ჭიორასა და გლოლაში ვრცელდება რაჭული მოსახლეობა და სვანურის ნაცვლად მყარდება რაჭული ყოფა-ცხოვრება.

ადრეულ პერიოდში რაჭა ლეჩხუმთან ერთად ქმნიდა თაკვერს. თაკვერი დამოწმებულია VII საუკუნის წყაროებში. თაკვერს გამოეყო რაჭა და სახელწოდება თაკვერი შემორჩა მხოლოდ ლეჩხუმს.

ვიდეო რაჭის ულამაზეს ბუნებაზე!

იხილეთ ვრცლად: https://ka.wikipedia.org/wiki/რაჭა